EBRD ,,თელასს" 25 მილიონი დოლარის კრედიტს გამოუყოფს | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი თბილისში ელექტროენერგიის დისტრიბუციის ქსელის რეაბილიტაციისა და გაფართოებისთვის სს "თელასს" 25 მილიონი აშშ დოლარის კრედიტს გამოუყოფს. პროექტის ფარგლებში ევრობანკის ადრეული გარდაქმნის სტადიაში მყოფი ქვეყნების ფონდიდან 260 ათასი ევროს მოცულობის ტექნიკური დახმარება იქნება გამოყოფილი. ევრობანკის ინფორმაციით, სს "თელასს" კრედიტი მიეცემა კომპანიის საშუალო და დაბალი ძაბვის ქსელისა და ქვესადგურების რეაბილიტაციისა და გაფართოების სამუშაოს დასაფინანსებლად. ეს თანხა მოხმარდება ასევე ახალი საზედამხედველო, საკონტროლო და მონაცემთა შეგროვების სისტემის დასანერგად, რაც კომპანიას ქსელზე დისტანციური მონიტორინგის განხორციელების საშუალებას მისცემს. ამით ქვეყანაში უზრუნველყოფილი იქნება ელექტროენერგიის გაუმჯობესებული ხარისხით მიწოდება და უშუალოდ მიწოდების სანდოობა. შეგახსენებთ, რომ სს "თელასის" აქციების საკონტროლო პაკეტს რუსული კომპანია - სს "ინტერ რაო ეესი" ფლობს. "ეს პროექტი კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ურთიერთობას "ინტერ რაოსთან". გასულ წელს სომხეთის ელექტროენერგიის სადისტრიბუციო ქსელის დაკრედიტების შემდეგ, სს "თელასის" ეს პროექტი ადასტურებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ენერგიის ეფექტურობის გაუმჯობესება. შემცირებული დანაკარგები და გაუმჯობესებული ხარისხი სარგებელს მოუტანს როგორც სადისტრიბუციო კომპანიას, ასევე მის მომხმარებლებს - ორგანიზაციებსა და ცალკეულ მოქალაქეებს", - განაცხადა ევრობანკის დირექტორმა ენერგეტიკის სფეროში ნანდიტა პარშადმა. "ეს კრედიტი კომპანიას მნიშვნელოვნად დაეხმარება მისი ფინანსური ფუნქციონირების გაუმჯობესებაში. ჩვენ უკვე შევძლებთ ნაკისრი საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებას მოსახლეობისადმი გაუმჯობესებული მომსახურების მიწოდებით", - აცხადებს "თელასის" გენერალური დირექტორი იური პიმონოვი. ევრობანკი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მდგრად, განახლებად და ენერგოეფექტურობის პროექტების დაფინანსებას, რათა შესაბამისი ქვეყნის ეკონომიკა კონკურენტუნარიანი გახდეს და კლიმატის ცვლილებების გავლენა შემსუბუქდეს. ევრობანკის წლიური ინვესტიციების თითქმის 20 პროცენტი მდგრად ენერგო პროექტებს ხმარდება. 2010 წლის ოქტომბრის მდგომარეობით 2006 წელს წამოწყებული მდგრადი ენერგიის ინიციატივის ფარგლებში ევრობანკმა 269 პროექტი დააფინანსა 4.7 მილიარდი ევროს ოდენობით. საქართველოში საქმიანობის დაწყებიდან დღემდე ევრობანკს 120-ზე მეტ პროექტში ინვესტირებული აქვს 1 მილიარდი ევრო. ამჟამად პროექტების 70 პროცენტი კერძო სექტორში განხორციელებულ ინვესტიციებს წარმოადგენს. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_764.html
| |||
განათავსა - Legatuss | 15 დეკ. 2010, 16:35 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.