ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძისა და პარლამენტის წევრების შეხვედრა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. მომავალი კვირის ოთხშაბათს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში სახელისუფლებო და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების სამუშაო შეხვედრები დაიწყება საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწისა და შესაბამისად საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით. შეხვედრას, რომელშიც თხუთმეტი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ დღევანდელი პოლიტიკური ცხოვრების მთავარი მოვლენა უწოდა. ხანგრძლივი მსჯელობის დასრულების შემდეგ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ერთხმად აცხადებდნენ, რომ შეხვედრა ძალიან პროდუქტიული იყო. ყველა ძირითად საკითხზე, რაც საჭიროა პროცესის დასაწყებად, შეთანხმება მიღწეულია, შეთანხმებულია ყველა ტექნიკური საკითხი. საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც კვალიფიციური ან საპარლამენტო სტატუსი აქვს. შეთანხმდნენ ასევე, რომ მთელი პროცესი იქნება ღია და გამჭვირვალე მედიისა და საზოგადოებისთვის. „ეს იყო რთული მაგრამ ამავე დროს შედეგიანი და კონსტრუქციული მოლაპარაკებები. მომავალ ოთხშაბათს სამუშაო ჯგუფი შეიკრიბება და დაიწყებს კონკრეტულ საქმიანობას სარჩევნო კოდექსის და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხით. პოლიტიკური პარტიების გარდა მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ამ პროცესის შედეგად იმედი მაქვს, უახლოესი თვეების განმავლობაში ჩვენ მივიღებთ თვისობრივად ახალ საარჩევნო კოდექსს, რომელიც განსაზღვრავს თვისობრივად ახალ და გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოს. ეს არ იქნება ადვილი პროცესი, ჩვენ ვიმყოფებით ძალიან ფაქიზი და ხანგრძლივი პოლიტიკური კომპრომისების ძებნის დასაწყისში, მაგრამ იმედი მაქვს ამ პროცესის საბოლოო შედეგი იქნება ისეთივე კონსტუქციული, როგორიც იყო დღევანდელი შეხვედრის შედეგი“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ. წყარო - parliament.ge
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_210.html
| |||
განათავსა - teo- | 10 ნოემ. 2010, 16:38 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.