მომხმარებლები გაიაფებისთვის ინტერნეტბაზარს მიადგნენ | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი საქართველოში ასი ათასს შორს გასცდა და კარგა ხანია, ბევრი მათგანი ინტერნეტის მიწოდების ცუდ ხარისხს უჩივის. დამკვეთისთვის, რომლებიც საფასურს კეთილსინდისიერად იხდის, ხშირად გაურკვეველია, რატომ არ მიეწოდება ინტერნეტი ზედიზედ რამდენიმე დღის განმავლობაში, ან შეერთება რატომ მუშაობს საკმაოდ დაბალი სიჩქარით. ინტერნეტის მომხმარებლები უკმაყოფილებას მომსახურების სიძვირესთან დაკავშირებითაც სულ უფრო ხშირად გამოთქვამენ. ჩვენი ინტერნეტბაზრის 78-79% ორ პროვაიდერს აქვს გადანაწილებული: "კაუკასუს ონლაინსა" და "სილქნეტს". ინტერნეტმომსახურების მინიმალური პაკეტის ღირებულება დაახლოებით 20 ლარია. პროვაიდერები უფრო ძვირად ღირებულ პაკეტებსაც გვთავაზობენ 50-დან 300-ლარამდე. მაქსიმალური პაკეტისთვის სიჩქარე 10 მეგაბიტს შეადგენს. მოსახლეობის უმრავლესობა იაფფასიან პაკეტს ირჩევს. საბა რამინაშვილი (მომხმარებელი): "გამაწამა ინტერნეტის ხშირმა გათიშვამ და დაბალმა სიჩქარემ. საკმაოდ ძნელია ოპერატორებთან დაკავშირებაც. ხან ამბობენ დაბალი ძაბვის ბრალიაო, ხანაც მოდემის "გადახურებას" ან ხაზებს აბრალებენ. შეთანხმების თანახმად, ინტერნეტი რვა მეგაბიტის სიჩქარით უნდა მომეწოდებოდეს. ამას წინათ ერთმა ტექნიკოსმა მითხრა, რა ვქნათ, ხაზი ექვსის ზემოთ ვერ ადისო. ეს ნიშნავს, რომ იმ მომსახურებას არ ვიღებ, რისთვისაც ფულს ვიხდი. ბევრი ადამიანია ჩემს მდგომარეობაში. არავინ ამბობს, სადამდე უნდა გაგრძელდეს ამგვარი ვითარება". რა მდგომარეობაა სხვა ქვეყნებში? მაგალითად, სამხრეთ კორეა მსოფლიო ლიდერია ინტერნეტსიჩქარეების რბოლაში, შეერთებათა საშუალო სიჩქარე იქ 11 მეგაბიტია, 1 მეგაბიტის ფასი კი 45 ცენტია (დაახლ. 80 თეთრი). ისეთ მაღალგანვითარებულ ქვეყანაში, როგორიცაა იაპონია, სიჩქარის ყოველი მეგაბიტისთვის მომხმარებელი 27 ცენტს იხდის (დაახლოებით 48 თეთრს), მაქსიმალურად კი 61 მეგაბიტამდე სიჩქარით სარგებლობა შეუძლიათ, რაც საქართველოსთვის ოცნების სფეროა. საფრანგეთში შეერთების ყოველი მეგაბიტის ფასი 64 ცენტია (დაახლ. 1,14 ლარი) და სხვ. ბოლო დროს სოციალურ ქსელ "ფეისბუკში", ინტერნეტის სიჩქარის მომატებისა და ფასის შემცირების მოთხოვნით, მომხმარებლებმა აქცია წამოიწყეს და სპეციალური გვერდი შექმნეს, სადაც უკვე 8 ათასზე მეტი მომხმარებელი დარეგისტრირდა. ისინი პროვაიდერებისგან ითხოვენ, შეამცირონ ინტერნეტმომსახურების ფასები, გაზარდონ ინტერნეტის სიჩქარე, გაუქმდეს გადასახადი ინსტალაციაზე, ერთხელ და სამუდამოდ მოაგვარონ ტექნიკური პრობლემები, რომლებიც გაუთავებლად იწვევს ინტერნეტის გათიშვას, გაუქმდეს ე.წ. "სერვისის შენარჩუნების" გადასახადი და სხვ. აღსანიშნავია, რომ პროვაიდერებისგან მოითხოვენ საავტორო უფლებების შესახებ კანონმდებლობის დაცვასა და მათი კუთვნილი, მეკობრული ფაილების გამავრცელებელი საიტების გაუქმებასაც. როცა აქციას, სულ ცოტა, 10 ათასი წევრი შეუერთდება, ჯგუფის წევრები ინფორმაციას პროვაიდერებსა და მარეგულირებელ ორგანოს გადაუგზავნიან და საჭიროების შემთხვევაში ექსპერტებსა და იურისტებსაც ჩართავენ. ჯგუფში გაწევრებული იურისტი ბესო ბოჭორიშვილი ამბობს: "მომხმარებელთა უფლებების შესახებ კანონის თანახმად, საქართველოს ყველა მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს საქონლის, სამუშაოს, სავაჭრო და სხვა სახის მომსახურების სტანდარტთან შესაბამისი ხარისხი. ბუნებრივია, ეს ინტერნეტსაც ეხება. მომწოდებლები ვალდებული არიან, პატივი სცენ ჩვენს უფლებებს და სათანადო მომსახურება შემოგვთავაზონ. რადგან ყურს არავინ იბერტყავს, თვითონვე შევეცდებით ჩვენი უფლებების დაცვას". როგორც პროვაიდერ კომპანიებში აცხადებენ, "ფეისბუკში" გამოქვეყნებული საპროტესტო აქციის თაობაზე მათთვის არ მიუმართავთ. კომპანია "კავკაზუს ონლაინის" პრესმდივანმა რუსა კაპანაძემ "ეკოპალიტრას" განუცხადა, რომ სანამ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია რამეს არ გადაწყვეტს და კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამს, მომხმარებელთა საჩივრებსა და კომისიის განცხადებებზე კომენტარს ვერ გააკეთებენ. კომუნიკაციის მარეგულირებელ კომისიაში ამბობენ, რომ ინტერნეტმომხმარებელთა გაერთიანების ფაქტი მათთვის ცნობილია და ბაზრის მონიტორინგსაც გეგმავენ. კახი ყურაშვილი (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი): "საქართველოში არ არსებობს ინტერნეტის ხარისხისა და სიჩქარის ერთიანი სისტემა, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნებოდა. ეს კარგად იციან პროვაიდერებმა. ხშირად, რაც პროვაიდერსა და მომხმარებელს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში წერია, მომხმარებელი იმ ხარისხსა და სიჩქარეს ვერ იღებს. ეროვნული კომისია მოლაპარაკებას აწარმოებს ევროპულ კომპანიებთან, რომლებიც ინგლისის მარეგულირებელმა კომისიამ დაიქირავა ინტერნეტის ხარისხისა და სიჩქარის მონიტორინგისთვის. მათ აქვთ ტექნიკური შესაძლებლობები, გამოიკვლიონ ინტერნეტის მიწოდების ხარისხი და სიჩქარე, აგრეთვე, საზოგადოებრივი აზრი. შეირჩევა 30-მდე მომხმარებელი, მათთან მოწყობილობა დამონტაჟდება და ინტერნეტის პარამეტრები განსაზღვრული ინტერვალით შემოწმდება. ამით გავარკვევთ, პრობლემა რას აქვს: საერთაშორისო ინტერნეტის საქართველოში მოწოდებას, საკაბელო მეურნეობასა და ხაზებს, DSL-ის აპარატურას და სხვ. ამ აპარატურის გამოყენება ერთი კვარტლის განმავლობაში 120 ათასი ევრო ჯდება. კომისიის თანხების მოძიებას ცდილობს ერთი წლის განმავლობაში აპარატურის გამოსაყენებლად. კომისიის მიზანია, გაარკვიოს: ხელშეკრულებაში მითითებული სიჩქარე შეესაბამება თუ არა რეალურად მიწოდებულს და რა არის დაბალი სიჩქარის მთავარი მიზეზები". ცხადია, მომხმარებელთა მიერ რამე შედეგის მიღწევის გარანტია არ არსებობს. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, საზოგადოებრივ აზრს რომ განსაზღვრული მნიშვნელობა მაინც აქვს, ეს ბოლო თვეებში ფიჭური კავშირგაბმულობის მაგალითზეც დადასტურდა. წყარო - kvirispalitra.ge
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_166.html
| |||
განათავსა - mariami | 10 ნოემ. 2010, 09:28 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.