პოლიტიკა: მამუკა არეშიძე: ომი რუსეთმა მოამზადა, საქართველომ კი ბრძოლა დაიწყო | საქართველოს ამბები | ||
კონდოლიზა რაისის განცხადება, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილმა საშუალება მისცა რუსეთს ჩაეთრიათ იგი 2008 წლის აგვისტოს პროვოკაციაში, უნისონში მიდის იმ გამონათქვამებთან, რომლებიც მანამდე საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა გააკეთეს, მიაჩნია ექსპერტს მამუკა არეშიძეს, იუწყება “GHN“. „მე ამას ხაზს ვუსვამ და ამაში არაფერია გასაკვირი. უბრალოდ საქართველოს მმართველ პოლიტიკურ ელიტას არანაირად არ სურს აღიარება იმისა, რომ მათ არა იმდენად ომი დაიწყეს, არამედ ის, რომ შეცდომა დაუშვეს, როდესაც რუსეთის პროვოკაციას აჰყვნენ“, - თქვა არეშიძემ „GHN“-თან საუბრისას. მისი თქმით, რუსეთმა ომისთვის მზადება ჯერ კიდევ 2006 წელს დაიწყო და ქართული მხარე მაინც გაება მახეში. „მე არასდროს მითქვამს და არასდროს ვიტყვი, რომ საქართველოს ხელისუფლებებმა ომის დაიწყეს. რუსეთმა ომისთვის მზადება 2006 წელს დაიწყო და იმ პერიოდიდან 2008 წლამდე მზადება წარმოებდა. ამ მზადების ფორმატში ქართული მხარის მუდმივი პროვოცირება ხორციელდებოდა. ბუნებრივია, რომ საქართველოს ხელისუფლებები თავიანთი ქმედებებითა და რიტორიკით ყველაფერ ამას მიჰყვებოდნენ. ინფორმაცია ჯერ კიდევ 2008 წლის აპრილ-მაისში მქონდა, როდესაც უსაფრთხოების საბჭოს ზოგიერთი წევრი მიხეილ სააკაშვილს სამხედრო ქმედებების დაწყებისკენ უბიძგებდადა პრეზიდეტნმა მაშინ შეაჩერა ისინი. შემდგომში პროცესები მართვას აღარ ექვემდებარებოდა. 2008 წლის ივლისის შუა რიცხვებისთვის გაზეთ „კვირის პალიტრაში“ გამოვაქვეყნე ზუსტი სქემა იმისა, თუ როგორ განვითარდებოდა სამხედრო ქმედებები. შემდეგ მოსკოვიდან ჩამოვიდა პაველ ფელგენგაუერი და წარმოუდგინა ხელისუფლებებს სქემა იმისა, თუ როგორ მოხდებოდა ომი, როგორ წაგვართმევდნენ კოდორსა და ყველაფერ ამას. მაგრამ ყურადღება არავის მიუქცევია, ვინაიდან პროცესები უკვე აქტიურად მიმდინარეობდა. საქართველოს ხელისუფლებაში იყვნენ ადამიანები, რომლებსაც 2004 წლიდან ყოველთვის სურდათ ამ სიტუაციაში ჩაბმა, ბრძოლის დაწყება. პრეზიდენტს ხელს ვერ დავადებ, რადგან ვიცი, რომ იგი კატეგორიული წინააღმდეგი იყო“, - თქვა ექსპერტმა “GHN“-თან საუბრისას. მან ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია ომისა და ბრძოლის ერთმანეთისაგან გარჩევა. „ჩვენ ახლა ომზე ვსაუბრობთ. რაც შეეხება ბრძოლას, ამ ორ ცნებას შორის განსხვავება არსებობს. ბრძოლის დაწყებად მიიჩნევა 8 აგვისტო, მაგრამ მანამდე, 5 დღის განმავლობაში ორმხრივი მსუბუქი საარტილერიო სროლა წარმოებდა. ჩვენი მხარე ამ მახეში მოხვდა“, - თქვა არეშიძემ. შეგახსენებთ, რომ თავის მემუარებში კონდოლიზა რაისმა დაწერა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის აგვისტოში რუსეთის პროვოკაციას აჰყვა. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3942.html
| |||
განათავსა - Drakula | 17 ნოემ. 2011, 19:25 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.