საზოგადოება: ID ბარათის მიღების დროს ტერიტორიული შეზღუდვა მოიხსნა | საქართველოს ამბები | ||
ახალი თაობის პირადობის მოწმობის - ID ბარათის მიღების დროს მოიხსნა ტერიტორიული შეზღუდვა. რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად მოქალაქეებს ID ბარათის მიღება იუსტიცის სახლებსა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურებში შეეძლებათ. იუსტიციის მინისტრის მოადგილის გიორგი ვაშაძის თქმით, ამ დრომდე ადამიანებს პირადობის მოწმობის გამოსაცვლელად, ან აღსადგენად რეგისტრაციის ადგილის მიხედვით უწევდათ გამოცხადება შესაბამის სამსახურებში, ახალი სერვისით კი მოქალაქე დაზოგავს დროსა და ხარჯებს. მნიშვნელოვანია ის, რომ ახალ ელექტრონულ პირადობის მოწმობაზე არ არის დატანილი მოქალაქის მისამართი. თუ ადამიანი საცხოვრებელ მისამართს შეიცვლის იგი აღარ იქნება ვალდებული გამოცვალოს ID ბარათი. დაინტერესებულ პირს მისამართის გადამოწმობა შეეძლება იუსტიციის სახლის ვებ-გვერდზე: www.house.gov.ge უკვე მოქმედებს სპეციალური ველი, სადაც ადამიანმა უნდა მიუთითოს ბარათის სერიული ნომერი, რის შემდეგაც მოქალაქის მისამართი ეკრანზე მყისიერად გამოჩნდება. ID ბარათების გაცემა პირველ ეტაპზე, 1 აგვისტოდან დაიწყება თბილისსა და ბათუმში, ხოლო სექტემბრიდან ბარათების გაცემა მთელი საქართველოს მასშტაბით მოხდება. ინფორმაციისთვის, ID ბარათი მარალტექნოლოგიური, გაყალბებისგან მაქსიმალურად დაცული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტია. ამ საბუთით შესაძლებელია პიროვნების იდენტიფიკაცია დისტანციურად, ინტერნეტის საშუალებით. გარდა ამისა, ID ბარათი ელექტრონული დოკუმენტების ციფრულად ხელმოწერის საშუალებას იძლევა და მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ასეთ დოკუმენტებს იურიდიული ძალა აქვს. ID ბარათის შემოღება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მომსახურების მიწოდების ხარისხის გაუმჯობესებას და შესაბამისად სახელმწიფო თუ კერძო სექტორის სერვისების მომხმარებლების კმაყოფილების გაზრდას. ასევე გააუმჯობესებს ბიზნესის კეთების ეფექტურობას, ხელს შეუწყობს საქართველოში ინოვაციების და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3007.html
| |||
განათავსა - consul | 29 ივლ. 2011, 19:57 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.