საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს რუსეთთან მეგობრობა სურს და არა მტრობა | Georgian News | ||
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს რუსეთთან მეგობრობა სურს და არა მტრობა. "მოვუწოდებ რუსეთის ხელმძღვანელებს - მომავლის არჩევანი გააკეთონ. შეიძლება მათ დადებითი როლი შეასრულონ ჩვენი რეგიონის პოზიტიურ ტრანსფორმაციაში. მიიღონ სხვა ქვეყნები, არა როგორც ვასალები, არამედ პარტნიორები. ყველას გვინდა, პირადად მეც მსურს, რუსეთი იყოს პარტნიორი და არა მტერი. ჩვენზე მეტად არავის სურს, რომ ის ისეთი ქვეყანა გახდეს, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს და მხარს უჭერს ადამიანების ძირითად უფლებებს", - განაცხადა სააკაშვილმა ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას. საქართველოს პირველი პირის შეფასებით, "კონფლიქტი არაფრით შეუწყობს ხელს ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობების დალაგებას". "მსურს, რუს ხალხს ვუთხრა - მათ ყოველთვის სიხარულით მიიღებენ საქართველოში, როგორც ტურისტებს, სტუდენტებს, ბიზნესმენებს, ჟურნალისტებს, მეგობრებს, მაგრამ არა როგორც საოკუპაციო ჯარს", - მიმართა სააკაშვილმა რუს ხალხს ევროპარლამენტის ტრიბუნიდან. აღსანიშნავია, რომ სააკაშვილმა 20-წუთიანი გამოსვლა ნოე ჟორდანიას სიტყვებით დაასრულა და დეპუტატებს პირობა მისცა, რომ "ევროპულ დანიშნულებამდე მისასვლელად ხელისუფლება შესაძლებლობის მაქსიმუმს გააკეთებს". "საქართველოში წითელი არმიის შემოჭრამდე რამდენიმე დღით ადრე ნოე ჟორდანიამ თავისი ევროპული არჩევანი ასე ახსნა: "რას მივიღებთ, თუ ევროპის სახელმწიფოების კულტურისკენ გადავიხრებით? მხოლოდ ორიათასწლიან ევროპულ კულტურას, დემოკრატიულ სისტემას და ბუნებრივ სიმდიდრეს". დღეს, მე, საქართველოს უკვე სხვა პრეზიდენტი, მოგმართავთ იმავე გზავნილით და გეტყვით, რომ გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას (არც ერთ პრეზიდენტს არ მისცემია 2-ჯერ ამ ტრიბუნით სარგებლობის საშუალება) და შესაძლებობის მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ მივაღწიოთ ევროპულ დანიშნულებას", - დასძინა საქართველოს პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით უკვე მეორედ გამოვიდა. Source - ghn.ge
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_451.html
| |||
Posted by teo- | 23 Nov 2010, 16:52 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.