ეკონომიკა: საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 643 მილიონი დოლარი შეადგინა | Business & Economics | ||
2011 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 43 მილიონით გაიზარდა და 643 მილიონი დოლარი შეადგინა. ამის შესახებ პარასკევს, 23 დეკემბერს, გამართულ შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ განაცხადა. მისი თქმით, პირველ კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 173.7 მილიონი დოლარი შეადგინა, მეორეში - 203.4 მილიონი, ხოლო მესამეში - 266.0 მილიონი. საჭიროა აღინიშნოს, რომ 2010 წლის პირველი სამი კვარტლის განმავლობაში ქვეყანაში პირდაპირი ინვესტიციების სახით მხოლოდ 600 მილიონი დოლარი შემოვიდა. ინვესტიციების უდიდესი წილი (21%) მოდის ნიდერლანდებზე, მას მოსდევენ დანია - 16%, კვიპროსი - 13%, თურქეთი - 11%, აზერბაიჯანი - 6%. ინვესტიციები ძირითადად მრეწველობაში, ფინანსურ სექტორში, ენერგოსექტორში, უძრავ ქონებაში, ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში ხორციელდებოდა. მინისტრის თქმით, ინვესტიციების მოზიდვის მიზნით მისმა უწყებამ რამდენიმე მნიშნელოვანი ღონისძიება გაატარა. მათ შორისაა საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესწავლით დაინტერესებული 20 საერთაშორისო დელეგაციის ვიზიტი და 16 ბიზნეს-ფორუმი. როგორც ქობალიამ აღნიშნა, საინვესტიციო სააგენტოს წარმომადგენელმა საინვესტიციო კლიმატი 2 000-ზე მეტ ბიზნესმენს გააცნეს, გაიმართა მასშტაბური ფორუმები „საქართველო-უკრაინა“ და „საქართველო-სომხეთი“, უკრაინის ვიცე-პრემიერ სერგეი ტიგიპკოსა და სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის მონაწილეობით. „საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და პრიორიტეტული საინვესტიციო პროექტების პოპულარიზაციის მიზნით ჩვენ ასევე 30-ზე მეტ საერთაშორისო გამოფენასა და ფორუმში მივიღეთ მონაწილეობა“, - განაცხადა ქობალიამ. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4209.html
| |||
Posted by Drakula | 25 Dec 2011, 19:50 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 5 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.