პოლიტიკა: ჯონ ბასი: საქართველოს მომავალი არჩევნები საზოგადოების დიდ ინტერესს გამოიწვევს | Georgian News | ||
ჩვენ მომავალ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებზე რომელიმე კანდიდატს ან პარტიას მხარს არ ვუჭერთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ და მუშაობას გავაგრძელებთ ამ ქვეყნის ხალხთან თავისუფლების მისაღწევად, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა ვიდეომიმართვაში, რომელიც აშშ-ის საელჩომ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაავრცელა. „შემდეგი ორი წელი ქართული ხალხისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რათა კიდევ უფრო დემოკრატიული, პლურალისტიკური და თავისუფალი ქვეყნის მშენებლობაში ჩაერთოს. მხოლოდ მთავრობები ძლიერ დემოკრატიას, ზრდად ეკონომიკასა ან სტაბილურ საზოგადოებას ვერ ააშენებენ. თავად ხალხი ირჩევს ოფიციალურ პირებს, მათ პასუხისმგებლობას აკისრებს საამომრჩევლო ურნის მეშვეობით, ეს პირები კი მათ თავისუფლებას იცავენ“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა. ამერიკელი დიპლომატი იმედს გამოთქვამს, რომ ქართული ხალხის დაინტერესებულობა მომავალ არჩევნებში მონაწილეობის თვალსაზრისით მაღალი იქნება. „საქართველოს ყველა მოქალაქეს, მიუხედავად პოლიტიკური დაკავშირებულობისა და ეთნიკური წარმოშობისა, სამოქალაქო ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება აქვს. დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა. ყველა ქართველს ჯანსაღი და ძლიერი დემოკრატიის მშენებლობის საქმეში წარმატებებს ვუსურვებ. ვიმედოვნებ, რომ თქვენ მონაწილეობას მიიღებთ მომავალ არჩევნებში და თქვენ ქვეყნის სამოქალაქო ცხოვრებაში აქტიური როლი გექნებათ იმისათვის, რომ განახორციელოთ თქვენი ოცნება უკეთესი მომავლისა თქვენი ბავშვებისა და თანამოქალაქეებისათვის“, - თქვა ბასმა. ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე საუბრისას, ამერიკელმა ელჩმა აღნიშნა, რომ ისინი ყველა ქვეყანაში უნდა იყოს დაცული. „ადამიანების გონებასა და სულში ღრმად დევს რწმენა იმისა, რომ თითოეულ ადამიანს „უფლება“ აქვს. ამ უფლებების დაცვა მხოლოდ ამერიკული მემკვიდრეობა როდია. ეს მთელ მსოფლიოში ნებისმიერი მამაკაცის, ქალის ან ბავშვის უფლებაა დაბადებიდანვე. ქართველებმა ამ თავისუფლების მნიშვნელობა იციან. ამ ქვეყნის მრავალმა მოქალაქემ კარგად იცის, რას ნიშნავს, როდესაც ძირითად უფლებებს გართმევენ, იციან, რას ნიშნავს ცხოვრება თავისუფლების გარეშე. დღეს ძალიან ბევრ ქართველს თავის სახლებში დაბრუნება, საკუთარ რეგიონში თავისი უფლებების გამოყენება არ შეუძლია. ჩემთვის აშკარაა, რომ ქართველები ამ თავისუფლების ერთგულები რჩებიან და ამაში თქვენ აშშ-ის მხარდაჭერა გაქვთ“, - აღნიშნა ბასმა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4129.html
| |||
Posted by Drakula | 11 Dec 2011, 20:05 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.