ეს საინტერესოა: კანადაში 100 ათასი დოლარის ნომინალის მქონე და 10 კგ წონის ოქროს მონეტა მოჭრეს | World News | ||
100 ათასი დოლარის ნომინალის მქონე და 10 კილოგრამის წონის უნიკალური ოქროს მონეტა კანადის სამეფო სამონეტო ეზომ მოჭრა, იუწყება “GHN“. 99.9999 პროცენტის სიწმინდის ოქროსაგან დამზადებული მონეტის ავერსზე განთავსებულია დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ II-ის პორტრეტი, ხოლო რევერსზე - კანადელი მხატვრის ბილ რეიდის (1920-1998) ნამუშევრების მითოლოგიური პერსონაჟების გამოსახულებები. მისი ნამუშევრები, რომლებიც წყნარი ოკეანის სანაპიროს ინდიელთა ხალხური შემოქმედების სტილშია შესრულებული, მრავალ მუზეუმში ექსპონირდება, ხოლო ერთ-ერთი სკულპტურის - „ჰაიდ-გვაის სულის“ გამოსახულება კანადის ბანკმა 20-დოლარიან ბანკნოტზე განათავსა. ამჟამად ამავე სკულპტურის გამოსახულებამ უნიკალური ოქროს მონეტა მოხატა, გადმოსცემს „არმენპრესი“. სამონეტო ეზოს სპეციალური პრესიდან, რომელსაც 2500 ტონის სიმძლავრის განვითარება შეუძლია, სულ 15 ასეთი მონეტა გამოვა. პირველი მოჭრილი მონეტა ვანკუვერში „ჩრდილო-დასავლეთის სანაპიროს ხელოვნებათა გალერეაში“ განთავსდება. მონეტის ფასი მსოფლიო ბაზარზე ოქროს ფასიდან გამომდინარე და დამზადების ხარისხსა და ექსკლუზიურობაზე დანამატის გათვალისწინებით დადგინდება. დღემდე კანადის სამეფო სამონეტო ეზოში მოჭრილ უმსხვილეს ოქროს საკოლექციო მონეტად მიჩნეულია ერთი მილიონი კანადური დოლარის ნომინალის მქონე „ოქროს ნეკერჩხლის ფოთოლი“. 2007 წლიდან სულ ასეთი 5 უნიკალური ოქროს მონეტა დამზადდა. მონეტის წონაა 100 კილოგრამი (3215 ტროას უნცია), დიამეტრი - 53 სანტიმეტრი, ხოლო სისქე - 3 სანტიმეტრი. „ოქროს ნეკერჩხლის ფოთლის“ გამოშვებამდე ყველაზე დიდ ოქროს მონეტად მიჩნეული იყო ავსტრიაში გამოშვებული „ბიგ ფილი“ – 100 ათასი ევროს ნომინალის მქონე 31 კგ წონის ოქროს მონეტა, რომელსაც ასე ვენის ფილარმონიის პატივსაცემად დაერქვა. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3740.html
| |||
Posted by Drakula | 25 Oct 2011, 19:20 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.