პოლიტიკა: „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ ანტიკორუფციული სისტემის გამოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა | Georgian News | ||
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამართა გამოკვლევის პრეზენტაცია, რომელიც „ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასებას“ უკავშირდება. როგორც ანგარიშის ავტორმა - ორგანიზაციის უფროსმა ანალიტიკოსმა ერეკლე ურუშაძემ განაცხადა, გამოკვლევის ფარგლებში იმ 12 მთავარი ინსტიტუტის ძალის ანალიზი განახორციელეს, რომლებსაც კეთილსინდისიერი მართვისა და კორუფციის აღკვეთის დამყარებაში საკვანძო როლი აკისრიათ. 100-ქულიანი სკალის მიხედვით ინსტიტუტები თავიანთი ძალის მიხედვით შემდეგნაირადაა განაწილებული: 1-ლი ადგილი - აღმასრულებელი ტოტი (69.4 ქულა); მე-2 - სამართალდამცავი უწყებები (68.1 ქულა); მე-3 - სახალხო დამცველის აპარატი (63.9); მე-4 - კონტროლის პალატა (62.8); მე-5 - პარლამენტი (54.2); მე-6 - ბიზნესი (50.7); მე-7 - საჯარო სამსახური (50); მე-8 - პოლიტიკური პარტიები (47.9); მე-9 - საამომრჩევლო ადმინისტრაცია (47.2); მე-10 - მედია (45.8); მე-11 - სასამართლო (43.8); მე-12 - სამოქალაქო საზოგადოებრიობა (40.3 ქულა). გამოკვლევის ასეთი შედეგების გათვალისწინებით ორგანიზაციამ რამდენიმე დასკვნა გააკეთა. ურუშაძის თქმით, 2003 წლის შემდეგ განხორციელებული რეფორმების შედეგად საქართველოში მნიშვნელოვნად გაძლიერდა აღმასრულებელი ხელისუფლებები, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოები და გაუმჯობესდა შესაძლებლობები კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით. „პარლამენტისა და სასამართლოს სისუსტის შედეგად, აღმასრულებელი ხელისუფლების ზედა დონეებზე არსებობს თანამდებობრივი უფლებამოსილებების ბოროტი გამოყენების მაღალი რისკი. სისუსტით ზოგიერთი სხვა ინსტიტუტიც გამოირჩევა, მათ შორისაა პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოებრიობა და მედია. ბოლო წლებში საქართველოში კეთლსინდისიერი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით არა ერთი საკანონმდებლო ნორმა იქნა მიღებული. მაგრამ პრაქტიკაში ეს ნორმები ყოველთვის არ ხორციელდება სრულფასოვნად“, - განაცხადა ანალიტიკოსმა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ რამდენიმე რეკომენდაცია მთავრობისთვისაც შეიმუშავა. მათ შორისაა აღმასრულებელი ტოტის ანგარიშვალდებულების გაუმჯობესება პარლამენტისა და სასამართლოს გაძლიერების გზით, ასევე პოლიტიკური პარტიების გაძლიერება, პოლიტიკური პლურალიზმი, პრობლემების აღმოფხვრა საამომრჩევლო სისტემაში და პირობების შექმნა თანაბარი კონკურენციისთვის. გარდა ამისა, ორგანიზაცია ურჩევს ხელისუფლებებს, მეტი დრო დაუთმონ მიღებული კანონების პრაქტიკაში განხორციელებას. გამოკვლევა 2009-2011 წლებში ტარდებოდა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3736.html
| |||
Posted by Drakula | 25 Oct 2011, 19:17 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.