პოლიტიკა: სააკაშვილი: თუ არ მოგწონს, შენ თვითონ გააკეთე, ეს ხომ შენი ქვეყანაა | Georgian News | ||
„26 მაისს სააკაშვილის აღლუმი არ ჩატარებულა, ეს იყო აღლუმი, რომლითაც ჩვენ ვეუბნებით მსოფლიოს, ვართ თუ არა სახელმწიფო“, - ამის შესახებ გუშინ, 13 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა იმ მოსწავლეებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს საატესტაციო გამოცდები. პრეზიდენტის თქმით, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ თავის თავზე ქვეყნის განვითარების პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. „როდესაც პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობთ... ხშირად მსმენია, რომ „ისინი ერთმანეთზე უარესები არიან - ოპოზიცია და ხელისუფლებები“. გია ნოდიამ სწორად დაწერა - ეს ინფანტილობაა. შესაძლოა რომელიმე პარტია, პრეზიდენტი არ მოგწონდეს, მაგრამ პასუხისმგებლობისაგან თავის დაღწევა არ შეიძლება. თუ არ მოგწონს, შენ თვითონ გააკეთე, შენ თვითონ შექმენი, ეს ხომ შენი ქვეყანაა. არ შეიძლება დაშვება იმისა, რომ შენ მაგივრად ვინმე შენ ბედს წყვეტდეს. სწორედ ესაა დემოკრატია“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისივე თქმით, 9 აპრილს (1989 წელი) რუსთაველზე საბჭოთა ტანკებმა თბილისის ცენტრში გაიარეს, რათა საქართველოს დამოუკიდებლობა არ მოეპოვა. დღეს კი „რუსული ფულით რუსთაველზე გარკვეული ჯგუფები გამოვიდნენ, რათა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ხელი შეეშალათ“. „ერთი ჯგუფი ამბობს, ჩვენ გამოვალთ ჯოხებით, ქვებით, არ მივცემთ ჯარს აღლუმის ჩატარების საშუალებას, თითითაც არ შეგვეხოთ, ჩვენ უპასუხისმგებლოები ვართ. ჩვენ ფულიც ავიღეთ და არ შეგვეხოთ. ვინმე იტყვის - კარგით, ეს ცუდები, ნუთუ ახლა აღლუმის ჩატარების დროა? რას ნიშნავს, აღლუმისთვის დროა ახლა თუ არა?! ეს საქართველო და სახელმწიფოა, შენი სამშობლო, შენი სიამაყე, შენი აწმყო და მომავალი, შენი ქვეყანა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. პრეზიდენტის თქმით, ყველაფერი, რაც საქართველოში კეთდება და შენდება, მხოლოდ იმისთვისაა, რომ საქართველოს მოსახლეობა სიღარიბიდან გამოვიდეს. „საზოგადოებას ეძლევა შანსი, ოდნავ მაინც გაახილოს თვალები და სწრაფი ტემპებით დაძლიოს ეს სიღარიბე“, - განაცხადა სააკაშვილმა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2579.html
| |||
Posted by Drakula | 14 Jun 2011, 20:40 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.